მთავარი » 2018 » აპრილი » 22 » ჩაის მოვლა-გაშენება
12:34 PM
ჩაის მოვლა-გაშენება

 

ლათინური დასახელება: Camellia sinensis

ბოტანიკური ოჯახი: Theaceae

სიცოცხლის ხანგრძლივობა: მრავალწლიანი

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 20-30°C

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 70-80%

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 75-85%

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 4-6

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -12-14°C

საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი: 3500 °C

კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშები

საქართველოში ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი იქნა ჩაის მაღალპროდუქტიული სელექციური ჯიშები და კლონები. შემუშავდა ჩაის ჯიში „კოლხიდა“-ს ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგების გამოყვანის, პლანტაციების გაშენების და ექსპლუატაციის პროგრესული ტექნოლოგია. ჯიშ „კოლხიდას“ პოტენციური მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 13-15 ტონა მაღალხარისხოვან ნედლეულს შეადგენს, ხოლო მისგან გამოშვებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო ჩაის სტანდარტების დონეზე დგას. სამწუხაროდ, პლანტაცია შემორჩენილია მხოლოდ ანასეულის (ოზურგეთი) და ჩაქვის (აჭარა) მიდამოებში. ასევე, კარგადაა აპრობირებული ჩინური ჩაის  ჯიში „კიმენი“, რომელიც მაღალხარისხოვან ნედლეულს, განსაკუთრებული არომატის მქონე მზა პროდუქციას იძლევა და რომელსაც ამჟამად კერძო ნაკვეთებზე შეზღუდულად აწარმოებენ.

პლანტაციის გაშენების და მოვლის ძირითადი აგროწესები

ნიადაგის მომზადება. პლანტაციების გასაშენებლად გამოყოფილ ფართობზე აწარმოებენ ნიადაგის ზედაპირის მოშანდაკებას, ნიადაგის 25-30 სმ. სიღრმეზე პირველად დამუშავებას და წინამორბედი კულტურა-მელიორანტების თესვას. 2-3 წლის შემდეგ იგივე ნიადაგს ხნავენ 45-50სმ. სიღრმეზე. ფერდობ ადგილებზე ნიადაგის Hამორეცხვის წინააღმდეგ აწყობენ წყალამრიდ ტერასებს და ქარსაფარ
ზოლებს. წინასწარ ჩატარებული ქიმიური ანალიზების შედეგების შესაბამისად შეაქვთ მინერალური და ორგანული სასუქები.

პლანტაციის გაშენება. ჩაის გაშენება შესაძლებელია თესლითა და სელექციური ჯიშებისა და კლონების ვეგეტატიური წესით გამრავლებული ნერგებით. ვაკე და დაქანებულ ფერდობებზე ჩაის გაშენება ხდება ზოლებრივი შპალერული წესით. შპალერებს შორის დაცილება სამექანიზაციო ფართობებზე 1,75:2,05მ-ით, ფერდობებზე რიგთაშორის მანძილი 1,5:1,25მ, მწკრივებში ბუდნებს შორის მანძილი 35-40სმ-ია. 1ჰა-ზე საჭიროა 150-200 კგ. თესლი, ნერგებით გაშენების შემთხვევაში კი 13-14 ათასი. ჩაის აშენებენ შემოდგომაზე (ოქტომბერი-ნოემბერი) და გაზაფხულზე (მარტი-აპრილი). პლანტაციების მოვლა მოიცავს გამარგვლას, რიგთაშორისების გაფხვიერებას, მეჩხერიანობის ლიკვიდაციას, ტენით რეგულირებას, საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას, მექანიკური დაზიანებისაგან პლანტაციების შემოღობვას.

ტენით უზრუნველყოფა. ნიადაგის და ჰაერის ტენის ნაკლებობა აჩერებს ზრდის პროცესებს, აუხეშებს ყლორტებს, წარმოქმნის ყრუ დუყებს. ჩაი ყოველთვიურად მოითხოვს 100 მმ. ნალექს. მისი ნორმალური ზრდა განვითარებისათვის აუცილებელია სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგის ტენიანობის 75-85%-ის ფარგლებში შენარჩუნება.

ნიადაგის განოყიერება. ახალგაშენებულ პლანტაციაში კარგ შედეგს იძლევა პარკოსანი სიდერატების თესვა რიგთაშორისებში, ნიადაგში ჩაკეთებით. გარდა ამისა, აუცილებელია ორგანული სასუქის შეტანა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ 80-100 ტონა 1 ჰა-ზე.

რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, მათი ზუსტი დოზების განსაზღვრა საჭიროა მოხდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა პლანტაციაში შეტანილი იქნას 150-200 კგ. აზოტი, 100-150 კგ. ფოსფორი და 100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). აქედან აზოტის შეტანა საჭიროა წილადობრივად  – მთლიანი შესატანი დოზის 60% მარტი-აპრილის პერიოდში და 40% ივნისი-ივლისის განმავლობაში. ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა კი უნდა განხორციელდეს ნიადაგის საშემოდგომო-საზამთრო დამუშავებისას.

გასხვლა. პლანტაციის გაშენებიდან მე-2-3 წელს იწყებენ ჩაის მცენარის გასხვლა-ფორმირებას. თესლით გაშენებულ პლანტაციაში პირველ გასხვლას ატარებენ ფესვის ყელიდან 10-15სმ. სიმაღლეზე, მეორე წელს — 30-35 სმ. სიმაღლეზე. ვეგეტაციურად გამრავლებული ნერგებით გაშენებულ პლანტაციაში პირველი გასხვლა ტარდება 20-22 სმ. სიმაღლეზე, მეორე გასხვლა
— 40-45 სმ. სიმაღლეზე. სრულ ასაკოვან პლანტაციებში ყოველწლიურად ტარდება შპალერული გასხვლა. ხანდაზმული ბუჩქებისათვის აუცილებელია მძიმე, ნახევრადმძიმე და ფესვის ყელზე ბუჩქების გასხვლა-გაახალგაზრდავება.

საბაზისო აგროკალენდარი

ნიადაგის გაფხვიერება: თებერვალი.

მინერალური სასუქების შეტანა: მარტი-აპრილი.

სხვლა-ფორმირება: თებერვალი-მარტი.

მოსავლის აღება: მაისი-სექტემბერი.

მძიმე გასხვლა: თებერვალი.

პლანტაციის დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან – ზოგადი რეკომენდაციები

ჩაის პლანტაციაში ფართოდაა გავრცელებული ნაცრისფერი და ყავისფერი ლაქიანობა, აღმონაცენების ჭკნობა, ბაქტერიული კიბო, ცერკოსპოროზი, მიკოსფერულა, მავნებლებიდან ჩაის ჩრჩილი, ფარიანები, ფოთოლმხვევიები, ტკიპები, ჩაის ტილი. ვინაიდან ჩაის ფოთლების გამოყენება ხდება საკვებად, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ცდილობენ არ გამოიყენონ ქიმიური დაცვის მეთოდები, ამიტომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

  • ბიოლოგიური (სასარგებლო მწერების, ბიოლოგიური მტრების, ენტომოფაგების, აკრიფაგების გამოყენება).
  • მექანიკური (გასხვლა, სარეველების, გამხმარი, დაზიანებული ყლორტების მოცილება, სასუქების დროული შეტანა, ნიადაგის გაფხვიერება).
  • ნესტიანი ადგილების დრენაჟი.
  • კრეფის დამთავრების შემდგომ ბუHქების მძიმედ გასხვლა, ნასხვლავის გატანა ნაკვეთიდან და დაწვა.

მოსავლის აღება-შენახვა: ძირითადი წესები

  • ფოთლის კრეფა აპრილ-მაისში, 5-6-ფოთლიან ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი.
  • ივნისში დუყების კრეფა 4 და 5-ფოთლიან ნორმალურ ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი.
  • ივლისიდან სეზონის ბოლომდე 3-4-ფოთლიან ნორმალურ და „ყრუ ყლორტებზე“ იკრიფება 3-4 ფოთლიანი დუყები.
  • სეზონის განმავლობაში შესაძლებელია კრეფა ჩატარდეს 12-14-ჯერ.
  • კრეფა წარმოებს ხელით და მექანიკური წესის გამოყენებით.
  • სასურველია, რომ მოკრეფილი ნედლეული ინახებოდეს კარგად განიავებულ შენობაში, მოკრეფიდან 3-5 საათში კი მოხდეს მისი გადამუშავება.
ნანახია: 37 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar