მთავარი » 2018 » თებერვალი » 24 » როგორ გამოვზარდოთ ხბოები ბაგურ კვებაზე?
9:54 PM
როგორ გამოვზარდოთ ხბოები ბაგურ კვებაზე?

ბოლო პერიოდში ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე გაიზარდა ბაგურ კვებაზე შენახული საქონლის რაოდენობა. ეს ძირითადად განპირობებულია ხბოების გარკვეული ნაწილის სახორცედ გამოზრდასთან. ფერმერულ-გლეხურ მეურნეობებში ბაგური კვების პერიოდი ძირითადად ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და მარტის ან აპრილის თვემდე გრძელდება. თუმცა, ცალკეული ფერმერები მიმართავენ სახორცედ გამოზრდილი მოზარდის მთლიანი ციკლის მანძილზე ბაგურ პირობებში შენახვას.

ცალკეული ფერმერები ხშირად მიმართავენ მოზვრების შესყიდვას და მათ შემდგომ გამოზრდას ბაგურ პირობებში. ამ მიზნისათვის შერჩეული უნდა იქნეს ჯანმრთელი, ძლიერი ხბოები. საკუთარ მეურნეობებში დაბადებული და სახორცე გამოზრდისათვის შერჩეული ხბოები პირველ პერიოდში უნდა იკვებებოდნენ მხოლოდ მოუხდელი რძით და დანამატის სახით იღებდნენ ცარცს. ასეთი კვების შედეგად ხორცი ღია, სასიამოვნო შეფერილობისაა და გაცილებით მაღალი ღირებულება გააჩნია ბაზარზე.

მოგვიანებით, მოზარდის რაციონს ემატება შრატი და საკვები დანამატები. ბაგურ კვებაზე საქონელს აყენებენ 2-3 თვიდან 6-8 თვემდე, ზოგჯერ უფრო მეტ ხანსაც. ასეთი საქონლის ხორცის გამოსავლიანობა 55-60 %-ია. აუცილებელია, რომ შესანახი სადგომი იყოს სუფთა, ორპირი ქარების გარეშე, ვენტილირებადი. სადგომში დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები. ხბოების შენახვისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეშსაფენი, ყოველდღიურად უნდა მოხდეს ქვეშსაფენის დაბინძურებული ფენის გამოცვლა და შეიცვალოს მშრალი, სუფთა ნამჯით. ხოლო სრულად უნდა შეიცვალოს თვეში ერთხელ.

სადგომი დაცული უნდა იყოს ტემპერატურათა მკვეთრი მერყეობისაგან. სამწუხაროდ აღნიშნული ფაქტორები ხშირად ირღვევა, რაც უარყოფითად მოქმედებს საერთო შედეგებზე. სადგომში, ხბოებისათვის გამოყოფენ შესაფერისი ზომის ადგილს ან გალიას, სადაც ის ვერ შეძლებს ხტუნაობას და სირბილს, ასეთ შემთხვევაში წონამატი გაცილებით მეტია.

10 დღის ასაკიდან ხბოებს უქარო, თბილ ამინდში სასერინოდ უშვებენ 5-10 წუთით. სეირნობის დროს თანდათანობით ზრდიან და 1 თვის ასაკიდან ის შეიძლება გაიზარდოს 1,5-2 საათამდე. ხბოებს ნელ-ნელა აჩვევენ ნედლი ბალახით კვებას. სიცოცხლის პირველი 20 დღის შემდეგ ხბოები შეიძლება გადაყვანილ იქნას ცალკე სადგომში, ხოლო მოგვიანებით, მათ ათავსებენ 5-6 სულს ერთად.

ხბოების საკვებ რაციონს შრატი ემატება მხოლოდ 20 დღის ასაკიდან, ის უნდა იყოს ახალი, 35-37°С შემთბარი. უკვე 10-15 დღის ასაკიდან ხბოები თანდათანობით უნდა მიეჩვიონ თივას. ამ პერიოდში კვებისათვის ყველაზე მეტად გამოდგება ე.წ. ,,ვიტამინიზირებული თივა“, ბალახი რომელიც მოთიბულია ყვავილობამდე ან ყვავილობის დასაწყისში. ხბოებს ასევე ეძლევათ თივის ნაყენი, ამისათვის თივას აქუცმაცებენ წვრილად, ასხამენ ადუღებულ 70-80°C წყალს, დაახლოებით 5-6 ლიტრს 1 კგ თივაზე, აჩერებენ 5-6 საათი, რის შემდეგაც მას გადაწურავენ. ამ ნაყენს აძლევენ ხბოებს 25 დღის ასაკიდან, თავიდან მცირე დოზებით 0,25 ლ/ დღეში, დოზის შემდგომი გაზრდით 3 ლიტრამდე. 2 თვის ასაკის ხბოსათვის ეს ციფრი მიაღწევს 5 ლიტრს დღეში. 6 თვემდე ასაკის ხბოებს კვებავენ ნორმირებულად, სხვადასხვა საკვები კომპონენტებისა და კვების სქემების მიხედვით. 6 თვემდე ასაკის საფურე ხბოს გამოზრდისათვის იხარჯება 180-დან 350 კგ-მდე მოუხდელი და 200- 600 კგ ცხიმგაცლილი რძე.

კვების სქემებში, რომლებშიც გათვალისწინებულია მოუხდელი რძის შემცვლელის გამოყენება, საფურე ხბოს მოუხდელი რძით კვებავენ სიცოცხლის პირველ 10 დღეს 50 კგ-ის რაოდენობით. შემდეგ გადაყავთ რძის შემცვლელის გამოყენებაზე (21-24 კგ მშრალ ფხვნილზე გაანგარიშებით). 10 კგ აღდგენილი რძის მოსამზადებლად იხარჯება 1,1-1,2 კგ მშრალი მოუხდელი რძის შემცვლელი.

რძის პროდუქტები ხბოს ეძლევა ზომიერი დოზით და ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა თანდათანობით კლებულობს. ულუფაში ჩართავენ კონცენტრირებულ და სხვა სახის საკვებს. სიცოცხლის პირველი თვიდან ხბოს კონცენტრირებული საკვებიდან ჩვეულებრივ აძლევენ გაცრილი შვრიის ფქვილს ან კონცენტრატების ნარევს, რომელიც შეიცავს ერთნაირი რაოდენობით შვრიის ფქვილს, სიმინდის ფქვილს, ხორბლის ქატოს, მზესუმზირის კოპტონს. გარდა ამისა ხბოს ასევე კვებავენ შემდეგი სტრუქტურით დამზადებული კომბინირებული საკვებით.

ხბო_ბაგურ_კვებაზე

მას შემდეგ რაც დამთავრდება ხბოების რძით კვების პერიოდი, ისინი გადაყავთ უხეშ საკვებზე. 4-6 თვის ასაკის ხბოებისათვის ამზადებენ კომბინირებულ საკვებთა ნაირსახეობას, რომელთა შემადგენლობაში შედის მარცვლეული საკვების ფართო ასორტიმენტი (სიმინდის, ქერის, ხორბლის, შვრიის ფქვილი), ცილოვანი დანამატები (საკვები საფუარი, მზესუმზირის კოპტონი და შროტი, ბალახის ფქვილი, თევზის ფქვილი), მინერალური დანამატები (ცარცი, საკვები ფოსფატი, ძვლის ფქვილი, მარილი), A და D ვიტამინის პრეპარატები, მიკროელემენტების მარილები (კობალტის, სპილენძის, რკინის, იოდის, მარგანეცის, თუთიის).

ხშირად ფერმერებს არ გააჩნიათ მოზარდის კონცენტრირებული საკვებით გამოზრდის საშუალება, ამიტომ ცხოველებს მხოლოდ თივით კვებავენ. ზამთრის პერიოდში კომბინირებული საკვების მიცემა, აუცილებელია როგორც მოზარდისათვის, ასევე ძროხებისათვისაც. სასურველი შედეგის მისაღებად პროტეინული და ენერგეტიკული ნორმები დაბალანსებული უნდა იქნეს სხვა საკვებით.

6 თვის ასაკიდან 1 წლამდე ხბოებს ყოველდღიურად უნდა მიეცეს 6-7 კგ ძირხვენა, 4-5 კგ სილოსი, 3-4 კგ თივა, 1 კგ ნამჯა, 0,5 კგ კონცენტრატი. მათ უნდა მიეწოდოს აგრეთვე 25 გრ მარილი, ცარცი და საკვები ფოსფატები.

1 წლის შემდეგ მოზარდის რაციონს ემატება 7-8 კგ ჭარხალი, 6-8 კგ სილოსი, 2 კგ ნამჯა, 0,5-1 კგ კონცენტრირებული საკვები, 40-45გრ მარილი და 30-35 გრ საკვები ფოსფატები და ცარცი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბაგური კვების პერიოდისათვის 1 მოზარდისათვის საშუალოდ უნდა დამზადდეს 700 კგ უხეში და 1800 კგ ნედლი საკვები, ხოლო 1 წელზე უფროსი მოზარდისათვის 1200 კგ უხეში და 2500 კგ ნედლი საკვები.

ოჯახურ პირობებში სახორცე მიმართულებით ხბოების გამოზრდა მოითხოვს შედარებით ნაკლებ კაპიტალდაბანდებას, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ანაზღაურებს მასზე გაწეულ ფულად და შრომით დანახრჯებს.

ნანახია: 399 | დაამატა: balu | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar